კრებულის შესახებ
“მრავალთავი – ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი” – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პერიოდული გამოცემა. ჟურნალი დაარსდა 1971 წელს. ჟურნალის პირველი ნომერი მიეძღვნა ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელს, ილია აბულაძეს. “მრავალთავის” დაარსებამდე, მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, იმდროინდელ “ხელნაწერთა ინსტიტუტში”, რამდენიმე სამეცნიერო კრებული გამოქვეყნდა (“ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე”, I-V, 1959-1963 წ.; “ფილოლოგიური ძიებანი”, 1964 წ.; “პალეოგრაფიული ძიებანი”, 1965-1969 წ.). დაარსებიდან დღემდე “მრავალთავი” რჩება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოველწლიურ მთავარ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემად.
თემატიკა
ჟურნალის მიზანდასახულობა ძველი ქართული ტექსტებისა და იმ ისტორიული წყაროების კვლევაა, რომლებიც უხვად არის დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. აქედან გამომდინარე, “მრავალთავში” ქვეყნდება სტატიები ძველი ქართული ტექსტებისა და წყაროების, ძველი ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს ქრისტიანულ აღმოსავლეთთან თუ ბიზანტიასთან ურთიერთობების, ქართული ქრისტიანული ხელოვნების, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ.
ჟურნალი გამოდის ყოველ წელს. დღემდე გამოქვეყნებულია “მრავალთავის” ოცდახუთი ნომერი. ჟურნალში ქვეყნდება არა მხოლოდ ქართველ მკვლევართა, არამედ ევროპელ მეცნიერთა ნაშრომები (მ. ესბროკი, ბ. უტიე, ა. შმიტი…).